English / ქართული / русский /
გელა ალადაშვილი
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესების გზები

ანოტაცია. მდგრადი განვითრების თანამედროვე გამოწვევებში განსაკუთრებული სიმწვავით წარმოჩენილია ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენების საკითხები, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინონ ამ რესურსების დამმუშავევლმა კომპანიებმა. გლობალური განაცხადი ისეთი წარმოების განვითარებაზე, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მომავალ თაობებს, რეალიზდება წარმოების პროცესშიც და გარკვეულ ამოცანებს უსახავს მენეჯმენტს. ამ თვალსაზრისით როგორც საერთაშორისო დონეზე აღიარებულ, ასევე განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილ გარემოსდაცვით სტანდარტებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

საკვანძო სიტყვები: გარემოსდაცვითი მენეჯმენტი; ISO სტანდარტები. 

შესავალი

სამრეწველო წარმოების მოცულობისა და მსოფლიოს მოსახლეობის ზრდასთან ერთად ადამიანები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ გარემოზე განხორციელებულ ზეწოლას. ეს პრობლემები ბიზნესსაც ეხება. ეკოლოგიური კანონები განვითარებულ ქვეყნებში მიღებულია და სათანადო პოლიტიკაც ტარდება, რითაც მთავრობები მრეწველობის ბევრ სექტორზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენენ [აღნიშნული საკითხი ფართოდ განვიხილეთ ალადაშვილი გ., 2015: 41-65]. გარემოსდაცვითი მიმართულების რეგულაციები ბიზნესზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. საწარმოო საქმიანობის გაფართოებასთან ერთად შესაძლებელია გარემოსდაცვითი ხარჯები გავზარდოთ. მრეწველობის დანახარჯები გარემოს დაბინძურების კონტროლზე საშუალოდ შეადგენს საერთო კომერციული შემოსავლების 3 პროცენტს, ხოლო ზოგიერთი განსაკუთრებით დამაბინძურებელი სექტორებისთვის - ქიმიური, ქაღალდის და სამთო  - ეს რიცხვი 20 პროცენტამდე და მეტად გაიზარდა [Paye J. V., 1996:4].

იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ფირმის დანახარჯები გაიზარდა გარემოს უფრო მკაცრი ნორმების დაცვის აუცილებლობის გამო, სხვა ფირმებზე ამან დადებითად იმოქმედა. დაბინძურების ხარისხის შემცირების და მისი მაკონტროლებელი სისტემის მოწყობილობების მიმწოდებლები აღმოჩნდნენ სწრაფად ზრდად ბაზარზე. ბევრმა კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ამ გზითაც შესაძლებელია ბიზნესის ეფექტიანად წარმართვა და გარემოს საკითხებში ლიდერობით მომხმარებლების ყურადღების მიპყრობა. სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებით გამოწვეული ტვირთის სანაცვლოდ ბევრმა ფირმამ ნარჩენების შემცირებასა  და რესურსების დაზოგვაზე აქცენტის გადატანა საზოგადოებრივი იმიჯის გაუმჯობესების და მოგების მიღების საშუალებად აქცია. გარდა აღნიშნულისა, გარემოსდაცვითი საკითხების პრიორიტეტი მენეჯმენტში უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა წყლის მარაგი და წყლის ხარისხი, ჰაერის ხარისხი, ნიადაგის დაბინძურება. ერთ დროს არაგანახლებადი რესურსების გამოლევა, კერძოდ წიაღისეული საწვავის, განიხილებოდა ეკონომიკური ზრდის მთავარ ფიზიკურ შეზღუდვად. დღეს კი მთავარი აქცენტი კეთდება წყლისა და ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე, ნარჩენების განთავსებასა და ბუნების დაცვაზე.

მდგრადი განვითრების 17-დან 8 მიზანი პირდაპირ უკავშირდება გარემოსდაცვით სტანდარტს - სუფთა წყალი და სანიტარია; ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება; კლიმატის ცვლილება; სიცოცხლე წყლის ქვეშ და სიცოცხლე მიწაზე [ISO, Environmental Management Systems].

მდგრადი განვითრების ფართომასშტაბიანი მიზნები კონკრეტულად რეალიზდება მაშინ, როდესაც მმართველობითი გადაწყვეტილებებია მისაღები წარმოების პროცესში. მოცემული ნაშრომის მიზანია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გაუმჯობესების გზების შესწავლა იმ შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილებით, რასაც სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი სტანდარტის -  ISO 14001:2015-ის დანერგვა იძლევა. საკითხის კვლევისას გაანალიზებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალები და შესაბამისი აკადემიური პუბლიკაციები. 

ISO 14001:2015 და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის დანერგვის არაერთგვაროვანი მოტივები

დღეისათვის  მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები არსებობს, რომელთა მიზანი ბიზნესის მენეჯმენტის სისტემების დანერგვის სისტემატიზაციაა. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for tandardization – ISO) მიერ შემუშავებული სტანდარტების სერია ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში, საქმიანობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, აღიარებულია მრავალი ქვეყნის მიერ და ბიზნესში მათ დანერგვას მრავალმხრივი სარგებელი მოაქვს. საყურადღებოა მენეჯმენტთან დაკავშირებული სტანდარტების ორი სერია: ISO 9000 სერია უკავშირდება ხარისხის მართვის სისტემების დანერგვას (Quality Management Systems - QMS) და ISO 14000 სერია  გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების დანერგვას (Environmental Management Systems - EMS). 

ISO 14000 არის ნებაყოფლობითი სტანდარტების სერია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისთვის. ის უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკის ინსტრუმენტებისა და  მეთოდების ერთობლიობას, რომლებსაც, თუკი დანერგავს ფირმა, სავარაუდოდ დაეხმარება რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ზემოქმედება და დაზოგოს რესურსები. ამჟამად ფირმებს  სერტიფიკატების მოპოვება შეუძლია სტანდარტში: ISO 14001. ეს კონკრეტული სტანდარტი არის 14000 სერიის ბირთვი. იგი ასახავს თუ რა უნდა გააკეთოს ფირმამ, რომ დანერგოს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა.

ISO 14001 არის მსოფლიო დონეზე აღიარებული სტანდარტი, რომელიც ეფუძნება კონცეფციას, რომ ეკოლოგიური ეფექტიანობის მიღწევა უკეთესად არის შესაძლებელი, როდესაც გარემოსდაცვითი ასპექტები სისტემატურად იდენტიფიცირდება და იმართება,  რომლითაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანაა შესაძლებელი მდგრადობის შენარჩუნებაში დაბინძურების პრევენციის, გარემოსდაცვითი ეფექტიანობის გაუმჯობესების  და მოქმედი კანონების დაცვის მეშვეობით. ამ სტანდარტის რევიზია განხორციელდა მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების ახალი სტრუქტურის შესაბამისად და 2015 წლის სექტემბერში გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის ფართოდ აღიარებული სტანდარტი გამოიცა.

ISO 14001:2015 გარემოსდაცვით მენეჯმენტში ინტეგრირებული მიდგომით გამოირჩევა და მისი დანერეგვა გულისხმობს სათანადო საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ერთად გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ბიზნესის ზრდის შესაძლებლობას.

ISO 14001-ის დასანერგად ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება შემდეგ პრინციპებს: პოლიტიკის შესაბამისობა საქმიანობასთან, პროდუქტებსა და მომსახურებებთან; უწყვეტი გაუმჯობესების და დაბინძურების თავიდან აცილების ვალდებულებები; გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და სამართლებრივი რეგლამენტების შესაბამისობა; მათი პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრასა და განხილვაში; თანამშრომლის ჩართულობის უზრუნველყოფა;  საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.

ISO 14001: 2015 ორგანიზაციას ეხმარება, მიაღწიოს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დასახულ შედეგებს, რაც ღირებულია გარემოს, თავად ორგანიზაციის და დაინტერესებული მხარეებისთვის. ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესაბამისად, გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მიზანმიმართულ შედეგებში შედის: გარემოსდაცვითი მუშაობის გაუმჯობესება; ვალდებულებების შესრულება; გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა. ISO 14001: 2015 ვრცელდება ნებისმიერ ორგანიზაციაზე, განურჩევლად ზომისა და სახეობისა. ამასთან, ვრცელდება მისი საქმიანობის, პროდუქტებისა და მომსახურების ეკოლოგიურ ასპექტებზე, რომლებსაც ორგანიზაცია განსაზღვრავს, როგორც გაკონტროლების ან გავლენის სფეროდ სასიცოცხლო ციკლის გათვალისწინებით. ISO 14001: 2015 არ ადგენს (არ მიუთითებს) გარემოსდაცვითი საქმიანობის კონკრეტულ კრიტერიუმებს. ISO 14001: 2015 შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთლიანად ან ნაწილობრივ, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემატიურად გაუმჯობესების მიზნით. ამასთან, ISO 14001:2015 შესაბამისობის შესახებ განაცხადი არ მიიღება, თუ მისი ყველა მოთხოვნა არ შედის ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მართვის სისტემაში და არ შესრულდება გამონაკლისის გარეშე [ISO 14001:2015].

ISO 14001-ის დანერგვა კარგად ცნობილი დემინგის ბორბლის პრინციპებს ეფუძნება: დაგეგმე - გააკეთე - შეამოწმე - იმოქმედე.  თითოეულ ეტაპზე გარემოსდაცვითი პირდაპირი და ირიბი ასპექტების გათვალისწინება ხდება გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით [Martin, 2017]. სტადარტის დანერგვის ხელშემწყობი ორგანიზაციების უმრავლესობა მიუთითებს, რომ მისი დანერგვით ორგანიზაცია შეამცირებს ნარჩენების მართვის ხარჯებს, დაზოგავს ენერგიისა და მასალების მოხმარებას,  ექნება განაწილების დაბალი ხარჯები, გაიუმჯობესებს კორპორაციულ იმიჯს მარეგულირებლების, მომხმარებლების და საზოგადოების წინაშე. გარდა აღნიშნულისა, მოსალოდნელი სარგებელია საკანონმდებლო და ბიზნესის მოთხოვნებთან შესაბამისობა, კონკურენტული უპირატესობის გაზრდა ბაზარზე, პრობლემური სფეროების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, სისტემის მდგრადობის დამოუკიდებლად შემოწმება და პროცესიის სანდოობა, კომპანიის ვალდებულებების შესახებ თანამშრომლების უფრო მეტი ინფორმირებულობა  და პასუხისმგებლობის ამაღლება.

ISO კვლევის ბოლო მონაცემების თანახმად ISO მენეჯმენტის სისტემის სტანდარტების შესაბამისობის სერტიფიკატების რაოდენობა მზარდია. სერტიფიკატებს გასცემენ აკრედიტებული ორგანოები მსოფლიოს მასშტაბით. 2016 წელს დაფიქსირდა 1 643 523 მოქმედი სერთიფიკატი ცხრა სტანდარტის მიხედვით, რაც 2015 წლის 1 520 368-თან შედარებით 8%-იანი ზრდაა. გარკვეული რაოდენობა დაემატა (834 სერტიფიკატი)  და 2016 წლსი ჯამურმა მაჩვენებელმა 1 644 357 შეადგინა. მუდმივად პოპულარული ISO 9001, ხარისხის მართვის სისტემების მოთხოვნების და ISO 14001, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების მოთხოვნების ინსტრუქციების გამოყენების მოთხოვნა გაიზარდა 7%-ით და 8%-ით, შესაბამისად გაიცა 1 106 356 და 346 189 სერტიფიკატი, ხოლო უფრო ბოლოდროინდელი დამატებების გათვალისწინებით, როგორიცაა ISO 50001 ენერგეტიკის მართვისთვის და ISO / IEC 27001 ინფორმაციის უსაფრთხოებისთვის, გაიზარდა 69%-ით და 21%-ით, შესაბამისად, გაიცა 20 206 და 33 290 სერტიფიკატი მსოფლიოში [Use of ISO, 2017].

გარემოსდაცვითი სტანდარტებისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.  მაგალითად, მკვლევრები  [Riaz et al, 2019: 14; Riaz&Saeed, 2019: 692] მიუთითებენ, რომ ISO 14001 (გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სტანდარტი) კორპორაციებს ეხმარება ლეგიტიმურობისა და კეთილგანწყობის ჩამოყალიბებაში და ასევე შეიძლება ორგანიზაციის მხრიდან ინსტიტუციური ზეწოლის  საპასუხო ღონისძიებად მივიჩნიოთ, რათა პროაქტიულად იმოქმედონ გარემოს მიმართ. ავტორებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ აფასებენ ინვესტორები განვითარებად ქვეყნებში გარემოს მართვის სტანდარტის - ISO 14001 ნებაყოფლობით სერტიფიკაციას.  აღნიშნავენ, რომ ნებაყოფლობითი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სტანდარტის შედეგი საბაზრო ეფექტიანობაზე არ არის ცხადი. მათ შეისწავლეს სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული ფირმები აქტივების, ზომისა და დარგობრივი უკუგების მიხედვით. დასკვნებმა აჩვენა, რომ ინვესტორებმა უარყოფითად შეაფასეს ISO 14001-ის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივები. კვლევაში მოცემულია პოლიტიკის გავლენა მენეჯერებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

გარემოს დაცვის ინტერესებისგან განსხვავებით ფირმებს უფრო  სხვა მოტივები აქვთ აღნიშნული სტანდარტის განსახორციელებლად. მაგალითად, სტანდარტის მიღებით იზრდება მათი ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობები, ყურადღებას ამახვილებენ დაინტერესებული მხარის მოთხოვნებზე, თავისუფლდებიან სავალდებულო რეგულირებისგან, ამცირებენ იურიდიულ ვალდებულებებს, აუმჯობესებენ საზოგადოებრივ „მწვანე“ იმიჯს, ამცირებენ ხარჯებს და ზრდიან ეფექტიანობას [Morro & Rodinelli, 2002].

იმის გათვალისწინებით, რომ სტანდარტების დანერგვამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ხარჯები დაუმატოს ფირმებს, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, უზრუნველყოფს თუ არა ამ სტანდარტების დანერგვა რეალურ სარგებელს. მეცნიერებმა ტოლემ და კუპმა [Tole&Koop, 2011] გამოიკვლიეს გლობალური სპილენძის სამთო მრეწველობის ინდუსტრია და მიუთითებენ, რომ სტანდარტების დანერგვის მოტივები და შედეგები არ არის ცალსახა, თუმცა გარემოს დაცვის სტანდარტების დანერგვა არ ამცირებს ფირმების ეფექტიანობას.

ემპირიული დასკვნები, რომლებიც დაკავშირებულია ISO 14001 დანერგვის მათ ეფექტიანობაზე გავლენის შესამოწმებლად, განსხვავდება ფირმებისა და რეგიონების მიხედვით და დასკვნები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ISO 14001 სერტიფიკატების მიღების დამცველები ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციებს სისტემის ნებაყოფლობითი დანერგვით  შეუძლიათ გარემოსდაცვითი პრობლემების დაძლევა და თავიანთი სოციალური იმიჯის დამკვიდრება [Pacana & Ulewicz, 2017].

სტანდარტის დანერგვიდან მიღებული სარგებელი შეიძლება შეიცავდეს ნარჩენების, რესურსების მოხმარების და საოპერაციო ხარჯების შემცირებას. ამასთან, როგორც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს ISO 14001 შესაბამისობა და ამით თავიდან აიცილოს   მრავალგვარი რეგისტრაციისა და სერტიფიკაციის საჭიროება [Hutchens, 2017].

ჩინეთის საწარმოო სექტორის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ISO 14001-ის სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირება ზრდის გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვას და ხელს უწყობს ამ ასპექტით მიღწეული შედეგის შენარჩუნებას [McGuire, 2014].

გარემოსდაცვით მენჯმენტზე ეროვნული კულტურის გავლენაზე ამახვილებენ ყურადღებას რიგი მკვლევარები და მიუთითებენ, რომ ეფექტიანობაზე ორიენტაცია და  ინსტიტუციური კოლექტივიზმი გავლენას ახდენს ISO 14001-ის გავრცელებაზე. ამასთან, ეფექტიანობაზე ორიენტაცია ანელებს ISO 14001-ის გავრცელებას, ხოლო ინსტიტუციური კოლექტივიზმი აჩქარებს მას. ამასთან, ეფექტიანობაზე ორიენტაციის შემანელებელი ეფექტი დროთა განმავლობაში მცირდება, ხოლო ინსტიტუციური კოლექტივიზმის დამაჩქარებელი ეფექტი ძლიერდება [Orcos & Palomas, 2019].

როგორც ცნობილია, საქართველოში ნებადართულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები. საქართველომ 2006 წლის 1 ივლისიდან ამ ორგანიზაციის წევრ-კორესპონდენტის სტატუსი დაიბრუნა. სტანდარტებზე პასუხისმგებელი ორგანო  საქართველოში არის სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომლის პარტნიორი ორგანიზაციაა ISO. მისი წევრობა შესაძლებლობას იძლევა, ქვეყანაში ხარისხის ინფრასტრუქტურაში ჩაბმულმა ნებისმიერმა პირმა მიიღოს და იმოქმედოს საერთაშორსო სტანდარტების შესაბამისად ჯანდაცვის, ეკოლოგიის, უსაფრთხოების დაცვის, საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად [სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო]. საქართველოში მოქმედ სტანდარტებს შორის არის როგორც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხარისხის მენეჯმენტის ზოგადი სტანდარტები (მაგალითად, 9001:2015), ისე  უშუალოდ გარემოს დაცვის მენეჯმენტის ოჯახის ზოგიერთი სტანდარტი [სტანდარტების კატალოგი], თუმცა ორგანიზაციების მიერ დანერგილი გარემოსდაცვითი სტანდარტების სტატისტიკა, მით უფრო ცალკეული სტანდარტის მიხედვით, ვერ მოიძებნა. საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებითც გადაიდგმება ნაბიჯები. დასახული პოლიტიკური ღონისძიებები და გეგმები ამაზე მიგვითითებს, რაც განხილული სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვასაც შეუწყობს ხელს. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებ საქმიანობაზე გადასვლა მყისიერად არ ხორციელდება და მოითხოვს სამეცნიერო ცოდნას, ინოვაციას, საზოგადოების ცნობიერების გარკვეულ დონეს, განვითრების შესაბამის დაგეგმვას, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და კანონმდებლობის სათანადო აღსრულებას და ეროვნულ დონეზე ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ამასთან, პირველი რიგის ამოცანად დასახულია მწავნე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის, მათი მექანიზმების და შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა და ცოდნის დონის ამაღლება ეროვნულ დონეზე  [გარემოს დაცვის ეროვნული პროგრამა, 2018: 152]. 

დასკვნა

ISO 14001 გარემოსდაცვით მართვის სფეროში სერტიფიცირებას გულისხმობს და მისი გამოყენება შესაძლებელია ნებაყოფლობით ბიზნესის ყველა სფეროში. ამ სერტიფიკატის ფლობა უჩვენებს, თუ კომპანია როგორ ახორციელებს  გარემოს დაცვის მართვის სისტემის კონტროლს და მიუთითებს გარემოს დაცვის კუთხით კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე, რაც, ამასთან, ხელს უწყობს ორგანიზაციის იმიჯის ამაღლებას.

ISO 14001:2015 განსაზღვრავს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის მოთხოვნებს, რომლებიც ორგანიზაციამ შეიძლება გამოიყენოს თავისი გარემოსდაცვითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ISO 14001: 2015 გამიზნულია ორგანიზაციისთვის, რომელიც ცდილობს თავისი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების სისტემატიურად მართვას, რითაც ხელს შეუწყობს გარემოს მდგრადობას.

აღნიშნული სტანდარტის დანერგვა ნებაყოფლობითია. მისი დანერგვის მოტივაცია სხვადასხვაგვარია და მიღებული სარგებელი არაერთგვაროვანია. კრიტიკული მოსაზრებები, რომლებსაც ზოგიერთი კვლევის შედეგი გვიჩვენებს, უკავშირდება სერტიფიკაციის ბუნდოვან შედეგებს და კომპანიების მიერ ამ სტანდარტის დანერგვას არა უშულოდ გარემოზე ზემოქმედების შესარბილებლად. მათი მოტივაცია უფრო სხვა შედეგებისკენ იხრება, თუმცა განხილული ნაშრომები ადასტურებს, რომ კომპანიების ეფექტიანობაზე გარემოსდაცვითი სტანდარტის მიხედვით სერტიფიკაცია უარყოფითად არ აისახება.

ISO 14001 სერტიფიცირების დადებითი შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ იგი ხელს უწყობს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, ზოგავს ხარჯებს, საერთაშორისო დონეზე აღიარების გამო ზრდის კომპანიებისადმი სანდოობას როგორც მომხმარებელთა, ისე მარეგულირებელი ორგანოების წინაშე; აფართოებს კომპანიისათვის პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას;  მიუთითებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე; ზრდის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების შანსს.

 გარემოსდაცვით მენეჯმენტზე სათანადო ეროვნულ კულტურას აქვს გავლენა. მკვლევარები აღნიშნავენ „ინსტიტუციური კოლექტივიზმის“ დამაჩქარებელ როლზე.  საჭიროა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნულ პროგრამაში აღნიშნული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ფართო მასშტაბი მიეცეს, რაც დადებითად აისახება გარემოსდაცვითი მენეჯმენტის დანერგვასა და გაუმჯობესებაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. ალადაშვილი გ., 2015, მენეჯერული ეკონომიკა, გვ. 41-65.
  2. გარემოს დაცვის ეროვნული პროგრამა, 2018,
  3. საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა, 2017-2021, გვ. 152.
  4. სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი http://geostm.ge/agency.php?id_pages=74
  5. სტანდარტების კატალოგი, საქართველოს ქართულენოვანი სტანდარტების კატალოგი, საქართველოს სტანდარტები და მეტროლოგია, www.geostm.gov.ge
  6. Hutchens Jr., S., 2017, Using ISO 9001 or ISO 14001 to Gain a Competitive Advantage, Intertek.
  7. ISO, Environmental Management Systems https://committee.iso.org/sites/tc207sc1/ home/projects/ongoing/supporting-environmental- and-bus/un-sustainable-development-goals.html
  8. https://www.iso.org/standard/60857.html
  9. Martin, R., 2017, ISO 14001 Guidance Manual, National Center for Environmental Decision-Making Research.
  10. McGuire W., 2014, The effect of ISO 14001 on environmental regulatory compliance in China
  11. Ecological Economics, Volume 105, September 2014, Pages 254-264.
  12. Morrow, D. and Rondinelli, D. 2002. Adopting corporate environmental management systems: motivations and results of ISO 14001 and EMAS certi…- cation, Eur Manag J. 20: 159-171.
  13. Orcos, R. and Palomas, S. (2019), The impact of national culture on the adoption of environmental management standards: The worldwide diffusion of ISO 14001, Cross Cultural & Strategic Management, Vol. 26 No. 4, pp. 546-566. 
  14. Pacana, Andrzej, and Robert Ulewicz. 2017. Research of determinants motiving to implement the environmental management system. Polish Journal of Management Studies 16: 165–74.
  15. Paye J. V., 1996, Investing in a clean environment, OECD Observer, 1996, p. 4.
  16. Riaz et al., 2019,Hammad Riaz & Abubakr Saeed & Muhammad Saad Baloch & Nasrullah & Zeeshan Ahmad Khan, Valuation of Environmental Management Standard  ISO 14001: Evidence from an  Emerging Market,  Journal of Risk and  Financial Management, MDPI, Open Access Journal, vol. 12(1), pages 1-14, January.
  17. Riaz&Saeed, 2019, Hammad Riaz,  Abubakr Saeed, Impact of environmental policy on firm's market performance: The case of ISO 14001, Corporate Social Responsibility and Environmental Management, V. 27, Issuee 2, 2020, March/April, pp. 681-693.
  18. Tole&Koop, 2011, Lise Tole, Gary Koop, Estimating the Impact on Efficiency of the Adoption of a Voluntary Environmental Standard: An Empirical Study of the Global Copper Mining Industry,  STRATHCLYDE DISCUSSION PAPERS IN ECONOMICS, DEPARTMENT OF ECONOMICS UNIVERSITY OF STRATHCLYDE GLASGOW, NO. 11-36.
  19. Use of ISO, 2017, Use of ISO Management System Standards Continues to Rise https://www.iso.org/news/ref2228.htm
  20.  ISO 14001:2015, Environmental management systems — Requirements with guidance for use